კონკურსის შესახებ
ახალი აპლიკაციების ან სხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის წასახალისებლად, რომლის მიზანია ბიზნესებში პროცესების ავტომატიზაცია, თიბისის ორგანიზებით, ნიდერლანდების განვითარების ბანკის - FMO და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება კონკურსი.
კონკურსის მიზანია წაახალისოს საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც გაამარტივებენ ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას, ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: ფინანსები და ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი და ა.შ.
კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:
1. აპლიკაციების მიღება: აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 29 მარტის ჩათვლით. აპლიკაციის შევსება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აპლიკაციას ავსებს გუნდის ლიდერი. ერთ გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. აპლიკაციების მიღების ეტაპზე გუნდს მოეთხოვება სადემონსტრაციო მასალის ატვირთვა, რომელიც წარმოაჩენს საკონკურსო იდეის ძირითად მახასიათებლებს. ამ ეტაპზე საკმარისია გქონდეთ აპლიკაციის კარგად შემუშავებული იდეა და პირველადი სადემონსტრაციო მასალა. მისი შესრულება უნდა იყოს რეალისტური რამდენიმე თვიან პერიოდში. აპლიკაციის შევსების დროს აუცილებელია სულ მცირე ვიზუალური მასალის ჩვენება (მაგალითად ე.წ. wireframe, ვიზუალის mockup და სხვა). ერთ გუნდს შეუძლია მხოლოდ ერთი იდეის/პროდუქტის წარდგენა. არ შეიძლება კონკურსში წარდგენილი იყოს პროგრამული უზრუნველყოფა ან ვებ-სერვისი, რომელიც: არის სხვა პირის მიერ შექმნილი, იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ ან უკვე ფუნქციონირებს ბაზარზე.
2. ფინალისტების გამოვლენა: შევსებული აპლიკაციების საფუძველზე, საუკეთესო გუნდები მოწვეულნი იქნებიან მეორე ეტაპზე. თითოეულ გუნდს მოეთხოვება შეტყობინებიდან 2 კვირის განმავლობაში ჟიურის წევრების წინაშე პრეზენტაციის სახით წარმოადგინოს საკუთარი იდეა: სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა/მონახაზი. შუალედური ტურის შემდეგ, გუნდებს ექნებათ 1,5 თვე პროტოტიპებზე მუშაობის გასაგრძელებლად.
3. გამარჯვებულების გამოვლენა: ფინალურ ეტაპზე საუკეთესო გუნდები საჯარო ღონისძიებაზე ჩაატარებენ პრეზენტაციას და წარმოადგენენ მუშა პროტოტიპებს. დამოუკიდებელი ჟიურის წევრები პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოავლენენ გამარჯვებულებს. კონკურსის ფარგლებში ყველა დასრულებული პროდუქტი განთავსდება businesstools.ge -ის კატალოგში და მოხდება მათი შეთავაზება თიბისის ბიზნეს კლიენტებისთვის. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
- I ადგილი - 30,000 ლარი (net amount)
- II ადგილი - 15,000 ლარი (net amount)
- III ადგილი - 15,000 ლარი (net amount)
გამარჯვებულ გუნდებთან ერთად განისაზღვრება პროტოტიპის საბოლოო პროდუქტამდე მიყვანის ვადა, რომელიც უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 6 თვეს.